ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო პასუხი
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მისი თქმით, დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.