ირაკლი კობახიძე - არ მახსენდება არცერთი „ენჯეოს“, ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადება, როცა სალომე ზურაბიშვილზე ხდებოდა ფაშისტური შეტევა, აქედან ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა რამიშვილზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მისთვის მიუღებელია.
კობახიძის თქმით, არავინ უნდა იმოქმედოს ორმაგი სტანდარტით. კობახიძე ამბობს, რომ არ ახსენდება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციური პარტის წარმომადგენლის განცხადება მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო კოორდინირებული, ფაშისტური შეტევა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ესეც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
„მთავარია, არავის ჰქონდეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ სადმე არის სამართლებრივი პრობლემები, ის უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინაციას კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც არის კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მასზე პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია, ვგულისხმობ შალვა რამიშვილს.
არიან სხვა სუბიექტები, მაგალითად, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული, ისინიც არიან ხოლმე შემჩნეული ქალთა მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, მაგრამ მათ მიმართ ასეთი პოლიტიკური კოორდინაცია არასდროს გვინახავს. შეგახსენებთ, როცა სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და მასზე იყო კოორდინირებული, ფაშისტური შეტევა, მას აცხადებდნენ მოღალატედ, მაშინაც არ მახსენდება არცერთი „ენჯეოს“, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადება. აქედან ჩანს, რომ მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი. სადაც პოლიტიკურად სჭირდებათ ვიღაცის გაშავება, ისინი აქ არიან სრულად კოორდინაციაში, სადაც მათ პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის დასაგმობი ქმედების დაგმობა, ისინი არიან ჩუმად. ეს მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტებზე, ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი. სადაც საჭიროა პოზიციის გამოხატვა, იქ სათანადო პოზიციას გამოვხატავთ. კეზერაშვილის კოორდინაცია პირდაპირ იკვეთება ამ ყველაფერში, მისი ცოლისძმა უშუალოდ არის ჩართული ამ კოორდინაციაში. ყველა ქალზე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესს, პირდაპირ იკევთება პოლიტიკური ინტერესი და კოორდინაცია ამ საქმის ირგვლივ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.