ირაკლი კობახიძე - არ გვჭირდება უპრეცედენტო, ირაციონალური რეგულაციები საარჩევნო კოდექსში, ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის სამართლებრივი, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი დასკვნა
ჩვენ არ გვჭირდება უპრეცედენტო და ირაციონალური რეგულაციები საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ სტანდარტული უმრავლესობით, 76 ხმით ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა არის ყველაზე რაციონალური პროცედურა. დღევანდელი პროცედურა, რომელიც თავის დროზე გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და ამიტომ აისახა საარჩევნო კოდექსში, არის აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. ჩვენ არ გვჭირდება უპრეცედენტო და ირაციონალური რეგულაციები საარჩევნო კოდექსში. გვჭირდება სათანადო წესი, რომელიც უზრუნველყოფს ცესკო-ს სათანადო ფუნქციონირებას, არ დაბლოკავს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი არგუმენტები ვენეციის კომისიის და ევროკომისიის მხრიდან, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები არის არაგონივრული და შექმნის რამე პრობლემას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა შემოსულია, თუმცა ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა.
„ჩვენ გვჭირდება ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი დასკვნა. სამართლებრივი დასკვნა უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ არგუმენტებს. ერთადერთი, რაც ვენეციის დასკვნაში წერია, არის ის, რომ თავის დროზე ეს ცვლილებები ეფუძნებოდა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, იყო მიღწეული გარკვეული კონსენსუსი პოლიტიკურ მხარეებს შორის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არ იყო კონსენსუსი, ეს იყო ძალდატანებული შეთანხმება. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმებას და ამის გამო გვირჩევს ძველი წესის დატოვებას. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი დასკვნა. მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ეს არ არის უპრეცედენტო, ეს არ არის ირაციონალური და ეს უზრუნველყოფს ქმედითი ცესკო-ს ფორმირებას და ასე შემდგომ, კი ბატონო, მაგრამ ჯერ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გაუმართავი ცესკო ნიშნავს გაუმართავ არჩევნებს.
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ არაფრის ფასად არ შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ეს ყველაფერი, გამორიცხულია. არჩევნები გამართულად თუ ვერ ჩაატარე, არაფერს აღარ აქვს ფასი“, – აღნიშნა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა შეთანხმდნენ თუ არა არსებულ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი მოთამაშეები თამაშის წესებზე და იმაზე, რომ არბიტრი, ამ შემთხვევაში ცესკო-ს თავმჯდომარე არის მიუკერძოებელი და იქნება თუ არა სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგის დარწმუნება რთული, რომ თამაშის შედეგი სამართლიანია, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა შესაბამის ქვეყანაში ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობა ამტკიცებს, რადგან ეს დემოკრატიის პრინციპია და გამონაკლისი ვერც საქართველოში იქნება.
„ჩვენ დემოკრატიის პრინციპს თავდაყირა ვერ დავაყენებთ და ვერ უარვყოფთ მის მთავარ ელემენტს, უმრავლესობის პრინციპს. ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა დგას უმრავლესობის პრინციპზე. რა თქმა უნდა, უმცირესობის ინტერესების დაცვის პირობებში, მაგრამ უმრავლესობის პრინციპი არის განმსაზღვრელი და სწორედ ამიტომ ხდება ყველა ქვეყანაში ასე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.