ირაკლი კობახიძე - არ არსებობს რეიტინგი, სადაც საქართველო არ ასწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, თუმცა ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე, საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები
არ არსებობს რეიტინგი და ინდექსი, სადაც საქართველო ბევრად არ ასწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას, ამ პირობებში, მაინც, ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწორედ ეს დასკვნა აისახება 26 ოქტომბერს არჩევნებში.
„არ არსებობს, პრაქტიკულად, რეიტინგი და ინდექსი, სადაც საქართველო ბევრად არ ასწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს. არ არსებობს არცერთი ასეთი ინდექსი და რეიტინგი. ამ პირობებში, მაინც, ფორმალურად, ჩვენ ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული. ერთი მხრივ, არის მოლდოვა, რომელიც არის კორუფციაში ჩართული ქვეყანა. პრაქტიკულად, არ დატოვეს თავისუფალი მედია, არანაირი ფორმით. არ დატოვეს არანაირი პოლიტიკური პლურალიზმი, დსთ-ის წევრია ეს ქვეყანა, არც სანქციებს მიერთებია, სხვათა შორის, და ასეთი ქვეყანა დღეს ფორმალურად არის ნახევარი ნაბიჯით წინ, ვიდრე საქართველო. ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს დასკვნა აისახება 26 ოქტომბერს არჩევნებში“, – განაცხადა პრემიერმა.