ირაკლი კობახიძე - ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება
ირაკლი კობახიძე - ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაახლოებით იგივეა, გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ერთობლივი განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან.

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არაერთი კრიტერიუმით არის წინ უკრაინასა და მოლდოვაზე და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და რომელიც იძლევა შედარების საშუალებას, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას, „ნაცმოძრაობას“ ამაზე საუბარი არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა. ასევე, არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. პროგრესი არის ფუნდამენტური. ორივე კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამაზე ყველასთან გვექნება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.