ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის უშუალოდ მშენებლობის პროცესში 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პროექტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება
ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის უშუალოდ მშენებლობის პროცესში 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პროექტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეიდან ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იწყება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი, გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან უკვე შეუდგა სამუშაოებს.

„პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ამ კომპანიის ჩართულობით მოხარული ვართ. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება.