ირაკლი კობახიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას
ირაკლი კობახიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.

„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის პროექტს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და მის მმართველ დირექტორს, იან პიტერ დენულს, მადლობა კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.