ირაკლი კობახიძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს - დეპუტატის ციხეში არშესვლაზე გადაწყვეტილება რაციონალურია, ვინმეს თუ სურს, დარწმუნდეს, რომ უფლებები არ ირღვევა, შესაბამისი პირები არიან, მათ შორის ადვოკატი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისს ნახულობენ ოჯახის წევრები და ადვოკატი, რაც არის გარანტია იმისა, რომ არავის უფლება არ იქნება დარღვეული.
კობახიძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უარი უთხრა.
როგორც კობახიძე ამბობს, დეპუტატის ციხეში არშესვლაზე გადაწყვეტილება რაციონალურია.
„როგორც ვიცი, ეს ადამიანი იღებს ოჯახის წევრებსა და ადვოკატს, რაც იმის გარანტიაა, რომ არავის უფლება არ იქნება დარღვეული. მგონი, ამ საქმის ჭარბი პოლიტიზების არდაშვების ლეგიტიმური უფლება ყველას აქვს და აქედან გამომდინარე, დეპუტატის ციხეში არშესვლაზე შესაბამისი გადაწყვეტილება რაციონალურია. თუ ვინმეს უნდა, დარწმუნდეს უფლებების არდარღვევაში, არიან შესაბამისი პირები, მათ შორის ადვოკატი. რაც შეეხება თანხმობის გარეშე თავის გადაპარსვას, ეს ცალსახად ტყუილია. განმარტებას შესაბამისი უწყება გააკეთებს. ამ საქმეს სამართლებრივ კვალიფიკაციას ვერ მივცემ, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. რაც შეეხება ძალადობას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ქონების დაზიანებას და ა.შ., ეს არის უმძიმესი მოვლენები და საჭიროა სამართლებრივი პასუხი, მათ შორის პრევენციისთვის და იმისთვის, რომ მომავალში ეს არ განმეორდეს.
გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო 20 ივნისის ამნისტია. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ამნისტია იქნებოდა მძიმე პრევენციის თვალსაზრისით. როცა ასეთი ქმედებების ამნისტია ხდება, ასეთ დროს სამომავლოდ შესაბამისი ქმედებების წახალისება ხდება, თუმცა მაშინ ეს არ შეისმინეს. როგორც ჩანს, მაშინ ვიღაცების მიზანი იყო, ასეთი ქმედებების პრევენცია არ მომხდარიყო. დღეს საჭიროა სათანადო, ადეკვატური, სამართლიანი პასუხი დანაშაულებზე, რომელიც მრავლად ჩაიდინეს ორი დღის განმავლობაში – ეს იყო პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, სახელმწიფო ქონების დაზიანება და ასე შემდეგ. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.