ირაკლი კობახიძე - ამომრჩევლის მობილიზება არის პრაქტიკა, რომლითაც მუშაობენ დემოკრატიულ ქვეყნებში
საარჩევნო უბნებზე ხორციელდება ამომრჩეველთა მობილიზება, ეს არის პრაქტიკა, რომლითაც მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში, შესაბამისად, ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ, მით უკეთესია დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის.
„მთავარია, ამომრჩეველთა მობილიზებამ არ შეიძინოს რამე ტიპის ზეწოლის სახე და ეს თავიდან უნდა ავირიდოთ. თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება. ხორციელდება ამომრჩეველთა მობილიზება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ზოგადად მნიშვნელოვანია. რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებსაც და ისინიც აკეთებენ ამას. ეს არის მხოლოდ ამომრჩეველთა მობილიზება, შესაბამისად, ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავ. თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, ვიცით, რომ ამ კუთხით დაწესებული იყო საარჩევნო რეგულაციები და ეს რეგულაციები მოიხსნა წინა ხელისუფლების დროს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ზოგადად, დისტანცია არ არის დადგენილი და ამომრჩევლის მობილიზება ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პრაქტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.