ირაკლი კობახიძე - ამომრჩეველთა მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი თუ სადმე დაფიქსირდება, ამას მკაცრი რეაგირება ექნება
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი თუ სადმე დაფიქსირდება, ამაზე მკაცრი რეაგირება იქნება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდებებს სჭირდება მტკიცებულებები, რადგან ხშირად არის გარკვეული ბრალდებები, თუმცა ამის უკან არავითარი ფაქტები არ დგას.
„თუ სადმე კონკრეტული ფაქტი იქნება, თავისი სახელებით და გვარებით, ვინ გააკეთა და რისთვის, ამაზე მკაცრი რეაგირება გვექნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარი შედეგი გვაქვს. ასეთ პირობებში ვინმეს იმის საშუალებას არ მივცემთ, რომ თუნდაც, მინიმალური ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო გარემოს. თუ ვინმეს ისეთი განზრახვა აქვს, რომ ამომრჩეველს დაურიგოს რაიმე სურსათი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოვლენა, ამაზე ფაქტებს თუ მოგვიტანთ, უმკაცრესი რეაგირება გვექნება, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და დააზიანებს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.