ირაკლი კობახიძე - ამომრჩეველს როცა ატყუებდი, რომ „ქართულ ოცნებას“ 20-40% ჰქონდა რეიტინგი, ერთადერთი, რითიც შემდეგ თავის გამართლება შეგიძლია, არჩევნების გაყალბებაზე საუბარია
ამომრჩეველს როცა ატყუებდი, რომ 20-40% რეიტინგი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და აღმოჩნდება, რომ 60% ჰქონია, იქ, უნდა გახვიდე ქუჩაში, მით უმეტეს, რომ ხარ ისეთი უსინდისო და უპრინციპო პოლიტიკური ძალა, როგორიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია როდესაც ატყუებს ამომრჩეველს, საზოგადოებას რეიტინგებთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც შემდგომ შეუძლია, არჩევნების გაყალბებაზე საუბარია.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებას, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 30-35%, ზოგი 20-25 %-ს ამბობს. ერთმანეთშიც არეულები არიან, როცა იტყუებიან, ერთმანეთშიც ვერ ათანხმებენ ამ პროცენტებს. მათი თქმით, 20-დან 40%-მდე მერყეობს ჩვენი რეიტინგი. ატყუებენ ამომრჩეველს, საზოგადოებას მთლიანად და რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი, ერთადერთი ეს არის ის, რომ მათ უნდა დაიწყონ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე. სინამდვილეში, ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რასაც ყველა ვხედავთ, უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, გარემო არის კონკურენტული და თავისუფალი, პარტიები დარეგისტრირდნენ, რეკლამას ათავსებენ, კამპანიას ატარებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, არჩევნები არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი და კონკურენტული. ყველა თვალსაზრისით, არის სამართლიანი გარემო უზრუნველყოფილი და უპრეცედენტოდ მშვიდია ეს გარემო. ასეთ პირობებში, ხელმოსაჭიდიც არაფერი აქვთ, მათ შორის, არჩევნების დღესაც, პირველად ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები, რაც საერთოდ ადამიანურ შეცდომებსაც კი გამორიცხავს. ასეთ ფონზე, არაფერი ექნებათ სათქმელი, თუმცა როცა ატყუებდი ამომრჩეველს, რომ 20-40% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და აღმოჩნდება, რომ 60% ჰქონია, იქ უნდა გახვიდე, რა თქმა უნდა, ქუჩაში, მით უმეტეს, რომ ხარ ისეთი უსინდისო და უპრინციპო პოლიტიკური ძალა, როგორიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ თქვენ იცით, ეს ადამიანები, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, არცერთ ამ ადამიანს არ აქვს ელემენტარულად შუბლის ძარღვი, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ქუჩაში გასვლა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.