ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ არის
ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ იქნებოდა და ეს დაპირება პირნათლად შევასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ რჩებოდა რისკ- ფაქტორად ქართული დემოკრატიისთვის
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკვე მცირე პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ეს არის მიღწევა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ამ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ამოცანა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავრთოთ თითოეული სუბიექტი, თითოეულ სუბიექტთან გვქონდეს სათანადო კომუნიკაცია, თანამშრომლობა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია, რომ საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება ნორმალურ რეჟიმში და ასთი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართებას დემოკრატიასთან, ეს რისკ-ფაქტორი არის მოხსნილი, რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, მას პარლამენტში მცირე როლი აქვს მიკუთვნებული, ექვსი დეპუტატით არის წარმოდგენილი და ამ რესურსის ფარგლებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საპარლმენტო ცხოვრებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.