ირაკლი კობახიძე - ამოცანაა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალური გავლენა შეიძინოს, ანუ მკვდარი გავაცოცხლოთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სათანადო სოციალური გავლენა არ ექნება, მის არსებობას გამართლება არ აქვს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი შეცვლილია და ისინი ჩანაცვლებული არიან ოპოზიციის წარმომადგენლებით.
„რეგლამენტით ამის ვალდებულება გაწერილი არ იყო, თუმცა სამივე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას კომისიაში წარმომადგენელი ჰყავს. კომისიაში ხუთი კანდიდატი დასახელებულია იმ სუბიექტების მიერ, რომელთაც თეორიულად კანდიდატების დასახელება შეუძლიათ. ასევე, ომბუდსმენისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ არის კანდიდატურები წარმოდგენილი კომისიაში. ჩვენ გვაქვს საშუალება რეგლამენტით, რომ ოთხივე კანდიდატი ავიყვანოთ პარტიული პრეფერენციებიდან გამომდინარე, თუმცა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ პროცესის შედეგები, გავითვალისწინებთ თუ არა ოპოზიციის ინტერესებს. კომისიის შემადგენლობაში ეს ინტერესები გათვალისწინებულია. შესაბამისად, ყველა პარტიას მიუწვდება ხელი კანდიდატებზე, რომელსაც კომისია შეარჩევს. 12 კანდიდატი უნდა წარმოადგინოს კომისიამ და პრეტენდენტი არის 14, ამაზე მეტი დისკრეცია კომისიას არ აქვს“,-აღნიშნა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კომისიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მეტ-ნაკლებად მოკლებულია საფუძველს.
„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩემთვის პირადად მიუღებელია საუბარი იმაზე, რომ ნდობა მცირდება. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მკვდარი, რეიტინგი ჰქონდა ისეთი, რომ ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ პულსი არ ესინჯებოდა. ჩემს ბავშვობაში იყო ერთი მკვდარი, რომელსაც ნდობას უცხადებდნენ, ეს იყო ლენინი. ერთი მკვდარ ლენინს უცხადებდნენ ნდობას და მეორე მკვდარ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ნდობა არ გაზრდილა და ცვლილებებიც ზუსტად ამიტომ მივიღეთ. მოლოდინი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება რეიტინგი, დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ 50 მლნ არ იყრებოდეს მკვდარ ტელევიზიაში. მკვდარში ვგულისხმობ იმას, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს სოციალური გავლენა, მაშინ მის არსებობას აზრი არ აქვს. ამოცანაა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა და მკვდარი გავაცოცხლოთ. გვაქვს პოზიტიური მიზნები და ამოცანები“, – განახცადა ირაკლი კობახიძემ.