ირაკლი კობახიძე - ამნისტიის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას თუ ვინმე წარმოადგენს, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა
თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ის თავად იყო ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში და კანონპროექტის მთავარი ამოცანა იყო დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.
„ამნისტიის კანონში აისახება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდებას, იმის მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში, მეც ვიყავი პირადად ჩართული ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო. ერთი მხრივ, მაქსიმალურად განგვეტვირთა ციხეები ისე, რომ ამას არ გაეუარესებინა კრიმინოგენური ვითარება. თუ ვინმე წარმოადგენს ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და თან არ გააუარესებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს, ამიტომ ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, – განაცხადა პრემიერმა.