ირაკლი კობახიძე - ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია, ოპოზიცია როდესაც მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ის უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს
ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია, კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
კობახიძის თქმით, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს.
„თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.