ირაკლი კობახიძე - ამ ორი წლის მანძილზე არჩილ თალაკვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში
ამ ორი წლის მანძილზე არჩილ თალაკვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს მის მიერ ორი წლის განმავლობაში სპიკერის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის. გახსოვთ, რომ მან ურთულეს პერიოდში ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, ეს იყო 2019 წლის ივნისი, იყო ძალიან რთული პერიოდი როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ის დიდი წარმატებით უძღვებოდა პოლიტიკურ მუშაობას. როგორც პარტიის ლიდერი, ის აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც სერიოზული წარმატებები მოუტანა ჩვენს პარტიას და მათ შორის ჩვენს ქვეყანას. ამ ორი წლის მანძილზე არჩილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც პარლამენტის მუშაობაში, ასევე პოლიტიკური პროცესების სათანადო მიმართულებით წარმართვაში. ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არჩილ თალაკვაძემ თანადებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში ჩართული იყო როგორც მხარე, რაც სპიკერის ფუნქციის განხორციელებისთვის შესაძლოა, გამოწვევა ყოფილიყო.
„როდესაც მან ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება გაგვიზიარა, ბუნებრივია გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რაშიც იყვნენ პარტიის ლიდერები ჩართული. არჩილის პოზიცია ეფუძნებოდა კონკრეტულ მოსაზრებებს, რაზეც მან თავად მოგახსენათ. გასული თვეების მანძილზე ის მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და წარმოდგენილი იყო, როგორც მხარე. რაც შეეხება სპიკერის პოზიციას, ის უნდა იყოს არსებითად ნეიტრალური და არჩილის მოსაზრება გახლავთ ის, რომ მისი, როგორც მხარის ჩართულობა ამ პროცესში იყო გარკვეულწილად გამოწვევა შემდგომ პარლამენტის სპიკერის ფუნქციის განხორციელებისთვის. გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, თუმცა საბოლოო ჯამში, პატივს ვცემთ არჩილის პოზიციას და გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი