ირაკლი კობახიძე - ამ მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ მთლიანად ქუთაისში წარმართავს მუშაობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ მთლიანად ქუთაისში წარმართავს მუშაობას.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში.
„კონსტიტუციის თანახმად, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში, რადგან კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ ამ მოწვევის პარლამენტი მთლიანად წარმართავს მუშაობას ქუთაისში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა, პლენარულ სხდომებს. ამის შემდეგ ყველაფერს გვიჩვენებს მოვლენათა განვითარება. ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ პარლამენტი მთლიანად მხოლოდ მას შემდეგ გადმოვა თბილისში, რაც ქუთაისი შეიძენს ახალ ფუნქციას და ეს ახალი ფუნქცია დაკავშირებულია დიდი პროექტთან, რომელიც უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო სფეროში. როგორც მოგეხსენებათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება ქუთაისში და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისმა უნდა შიეძინოს ახალი ფუნქცია, ახალი სიცოცხლე და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პარლამენტის თბილისში გადმოსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.