ირაკლი კობახიძე - ახალი პარტია ყოველდღე იქმნება, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ
საქართველოში ახალი პარტია ყოველდღე იქმნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის შექმნას ეხებოდა.
კობახიძეს თქმით, ყველა პარტიის შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება.
„ყოველდღე ახალი პარტია იქმნება. 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. ალბათ, მომავალი არჩევნების ბოლომდე 500-მდე გაიზრდება. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში ალბათ, შეეძლება დაახლოებით ერთი პროცენტის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ იგეგმება.