ირაკლი კობახიძე - ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვაზე საუბარი ჯერ არასერიოზულია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხზე დისკუსია კანონით დადგენილ ვადებში დაიწყება.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე, ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია.
„როგორ წარმოგიდგენიათ, მთავარი პროკურორი ათი წუთის წინ გადადგა და ათი წუთის თავზე დაწყებულია პროკურორის კანდიდატურის განხილვა? ეს არასერიოზულია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამას თავისი დრო აქვს და დღეს და ხვალ არ მოხდება.
„დღეს აქტუალური საკითხია ის, რომ საზოგადოების ნაწილმა თავისი აღშფოთება გამოხატა და ეს საკმაოდ დიდი ნაწილი იყო. საზოგადოების აღშფოთებას გუნდის წევრთა უდიდესი ნაწილი იზიარებს იქედან გამომდინარე, რომ ხარვეზი აშკარად დაფიქსირდა, ეს არის ან მოსამართლის ხარვეზი, ან პროკურატურის. ვიზიარებთ შეშფოთებას იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც ერთად ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ახლა მთავარი ამოცანაა, საქმეს ნათელი მოეფინოს.
„მთავარი ამოცანაა, რომ ამ საქმეს ნათელი მოვფინოთ. ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს. ამის შემდეგ სხვა პროცედურები დაიწყება, რაც არის მთავარი პროკურორის შერჩევა და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.