ირაკლი კობახიძე - პარლამენტში დავაინიცირებთ კანონპროექტს და საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს
საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი საარჩევნო პროცესებში კანონმდებლობის დარღვევით იყო ჩართული.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი გუნდი დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.
„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.
საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც“, – განაცხადა კობახიძემ.