ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ
ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ

გვინდა, წელსვე დაინერგოს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“.

„გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო კანონი, შემდეგ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა  განცხადება. გვინდა, წელსვე დაინერგოს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში. ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. ზოგადად, ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს ჰქონდა პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ. გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმების მონახაზი. ჩვენ გვექნება 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი შემოდგომაზე და იქ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ, როგორ ვხედავთ ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. განათლებას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, სპორტს, სხვა მომიჯნავე საკითხებს. ბევრი რამის გამოსწორება, გაუმჯობესება შეიძლება და ეს იქნება ჩვენი საშუალოვადიანი გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება უშუალოდ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას, დღეს განათლების მინისტრი წარმოადგენს პრეზენტაციას. შეგნებულად არ მივეცით ამ პროგრამას საბოლოო სახე, გვაქვს მონახაზი, ჩვენი წინადადებები, ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის, ალტერნატიული ვარიანტები და გვინდა, თქვენთან ერთად დავამუშაოთ და მივცეთ საბოლოო სახე ამ პროგრამას. ჩართულობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა ყველა გადაწყვეტილება იქნეს სწორად მიღებული. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ არ არის კარგად გავლილი შესაბამის წრეებთან, მოქალაქეებთან, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში თქვენთან, სტუდენტებთან, შეიძლება, ხარვეზები გაგვეპაროს. ამიტომ გვინდა, მაქსიმალურად დახვეწილი იყოს პროგრამა, რომელსაც შევიმუშავებთ, დავამუშავებთ თქვენთან ერთად. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა თქვენთან, სტუდენტებთან, ამის შემდეგ, გვინდა, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებთანაც გავმართოთ ანალოგიური შეხვედრა, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მივცემთ საბოლოო, დახვეწილ სახეს იმ პროგრამას, რომელიც უნდა ამოქმედდეს შემოდგომიდან“, –  განაცხადა პრემიერმა.