ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების უმთავრესი ინსტრუმენტია განათლების სისტემა, ახალი გეგმა მათ საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში
ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების უმთავრესი ინსტრუმენტია განათლების სისტემა, ახალი გეგმა მათ საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში

საქართველოს ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდობა მათი ნიჭის რეალიზება არის არა მხოლოდ პიროვნული წარმატებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალგაზრდებისთვის განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს და ასეც იქნება.

„ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის უმთავრესი ინსტრუმენტი, ბუნებრივია, არის განათლების სისტემა. მზადდება, და შემოდგომაზე საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ, ოთხწლიან გეგმას, რომელიც განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენი ხედვით, თვისებრივად უნდა განახლდეს, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, რომ სტუდენტებს როგორც ცოდნის მიღების, ისე საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობა მიეცეთ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. უნივერსიტეტებთან დაკავშირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ესეც იქნება ჩვენი ოთხწლიანი გეგმის ნაწილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროვნული განვითარების ფართო შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული მუხტის გაღვივებას და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

„ამ მიზნით, სამინისტრო განათლების ყველა საფეხურზე შესაბამის რეფორმებს განახორციელებს. მინდა, გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული განათლების ზოგადი მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება. ეს ხედვები ახალგაზრდული პოლიტიკის მხოლოდ ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება. მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობა, სამინისტრო ახალგაზრდების ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს. წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ახალგაზრდას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. შემოდგომაზე დაიწყება აღნიშნული პროგრამა. ახალი გეგმა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, განახორციელონ ინოვაციური იდეები, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში“, – განაცხადა კობახიძემ.