ირაკლი კობახიძე - აფხაზეთისა და ცხინვალის სიმბოლოების პროექტი არსებობს და მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული
აფხაზეთისა და ცხინვალის სიმბოლოების პროექტი არსებობს ჰერალდიკის საბჭოში და მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რაც სიმბოლიკის დამდგენმა კომისიამ გასწია. მისივე თქმით, გარდა სახელმწიფო დროშისა და გერბისა, მნიშვნელოვანია ტერიტორიული სიმბოლოები.
„დიდი მუშაობა იქნა გაწეული 90-იან წლებში, როდესაც ბატონი ელდარ შენგელაია გახლდათ სიმბოლიკის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. ევროპის მასშტაბით არქივებში, სხვადასხვა ბიბლიოთეკაში მოძიებული იქნა ისტორიული მასალა, სადაც გამოსახული იყო საქართველოს დროშის უძველესი ნიმუშები. ჩვენს მიერ მოწყობილია ეს გამოფენა და შეგიძლიათ ნახოთ ის საზღვაო რუკები, რომელზეც ეს დროშები არის გამოსახული. ნიშანდობლივია, რომ უკიდურეს დასავლეთ წერტილზე, სადაც საქართველო არის გამოსახული, აღმართულია ისეთი დროშა, რომელიც ჩვენი გახლავთ. ეს არის ჰერალდიკის პრინციპით გამართული, იმ შინაარსისა მატარებელი, რომელიც იმ დროინდელ ცივილიზაციას მიაჩნდა მართებულად. აქ ჩანს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. სახელმწიფო სიმბოლოები არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფო დროშა და გერბი. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებია ყველაფერი ის, რითაც სახელმწიფო ესაუბრება თავის მოქალაქეებს, თუ გარესამყაროს, მათ შორის მნიშვნელოვანია ტერიტორიული სიმბოლოები, სამიწაწყლო სიმბოლოები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დადგენილია 67 მუნიციპალიტეტის სიმბოლო. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, კობახიძის თქმით, ჰერალდიკის საბჭოში არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის სიმბოლოების პროექტი და მათი გამოყენების გზებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები.
„მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებთან ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შევძელით 67 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სიმბოლოს დადგენა, მათ შორის თვითმმართველი ქალაქებისაც. დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების სიმბოლოები, თუმცა აფხაზეთისა და ცხინვალის სიმბოლოების პროექტი არსებობს საბჭოში და მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული. ასევე, ეს არის ისტორიულ საფუძველზე მომზადებული პროექტები. ამ პროცესის ერთ-ერთი დაგვირგვინება იქნება, რომ დასრულდეს თბილისის სიმბოლოებზე მუშაობა, ჰერალდიკის პრინციპების ერთგვარად ჩამოყალიბება და ისეთი სახის შექმნა, რომელიც სიღრმისეულად წარმოადგენს ჩვენს ქალაქს. მხოლოდ სიმბოლოების არსებობა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვნია მისი გამოფენის წესებიც. მინდა ვთქვა, რომ ფართო ურთიერთობა გვაქვს ევროპულ ქვეყნებში ჩვენს იდენტურ ორგანიზაციებთან. შემუშავებულია სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენის წესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.