სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი გატაცების შესახებ ინფორმირებული იყვნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტი კი საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მუხთარლის საქმეზე აშშ-ში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰკითხეს და მან დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდა.
„აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაზე პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს. ველოდებით გამოძიების შედეგებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს საბოლოოდ მოეფინება ნათელი. რაც შეხება ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ თემაზე. საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი. გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში, ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-ში.