ირაკლი კობახიძე - ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, პოლიციის იმიჯს ზიანი უსამართლოდ არ მიადგეს
ძალიან მნიშვნელოვანია ორი პრინციპი – საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რომლისთვისაც შესაბამისი ზომების მიღება და კონკრეტული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო. ამასთან, განუხრელად უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„როცა საუბარია ძალიან მსხვილ სისტემაზე, გარკვეული ექსცესები, ინციდენტები და ინდივიდუალური შემთხევები შესაძლოა, თავიდან ვერ აიცილო, მაგრამ როგორც შსს–ს ხელმძღვანელობის, ასევე პარლამენტის ყურადღება სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი გადაცდომები თავიდან იქნას არიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, სალომე ქოქიაშვილის შეკითხვაზე, იყო თუ არა საპოლიციო კონტროლის დროს დაცული ადამიანის უფლებები და რამდენად მოახერხა პარლამენტმა კონტროლის განხორციელება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა და
თუ კონკრეტული გადაცდომები იყო, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი კონკრეტულ უწყებებთან იმსჯელებს.
„ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია ის მინისტრია, რომელსაც ჩემს მიერ ზემოთნახსენები პრინციპები ამოძრავებს და ის ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს. თუ გარკვეული ექსცესები და გადაცდომები არის, დარწმუნებული ვარ, ამაზე რეაგირება, პირველ რიგში, თავად მას ექნება. გიორგი გახარიასთან და შსს–თან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის პრევენციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მოამბის“ ჟურნალისტის, თეონა მანაგაძის შეკითხვაზე, წლების განმავლობაში დამკვიდრებულ რეალობაში, როცა გარკვეულ ადამიანებს ხელს აფარებდნენ, რათა სისტემა არ ჩამონგრეულიყო, უნდა ველოდეთ თუ არა შს მინისტრისგან იმ ადამიანებისა და თუნდაც, პოლიციელების დასჯას, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბებენ და ადამიანის უფლებებს დაარღვევენ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შს მინისტრს შესაბამისი რეაგირება ნებისმიერ ფაქტზე ექნება.
„ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის პრესტიჟის დაცვაც. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიციის იმიჯს ზიანი უსამართლოდ არ მიადგეს. ამიტომ, ორივე მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.