ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს
ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას, როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა გენოციდი ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს უკრაინაში.
კობახიძის თქმით, ჯერჯერობით ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს.
„გახსოვთ, იყო მაგალითად, მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჯერ ამაზე არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება, გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი საკმარისი არ არის?, – კობახიძე პასუხობს, რომ საჭიროა სამართლებრივი შეფასება.
„რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის, საჭიროა სამართლებრივი შეფასება, რათა შემდეგ გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.