ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და, შესაბამისად, თემის აქტუალიზება სწორად არ მიაჩნია.
„რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება, არ მგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფრენების საკითხთან დაკავშირებით კი კობახიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სანქცირებული ბორტები არ იფრენენ.
„რაც შეეხება ფრენებს, ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იმავე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.