საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს.
კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას საჩივრების კუთხით მაღალი სტატისტიკა.
„რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა. ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის. იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძის ინფორმაციით, მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის, მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის დაზიანება ან მოპარვა.
„იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს, ასევე, იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის. იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკო-დან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც.
იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ, მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა, იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ. იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციის მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.
„იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით, კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად; უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ – ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა. საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ეს არის ის ძირითადი დესტრუქციული ქმედებები და მათი ჩამონათვალი, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისთვის აქვს მოაზრებული. შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებების უმეტესობას ისინი წინა არჩევნებზეც მიმართავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რეალურად ჩრდილი ვერ მიაყენეს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია.
კობახიძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებს ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს.
„ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით ჟურნალისტმა ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.