ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდეა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდეა.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დედლაინი არის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღე.
„იქედან გამომდინარე, რომ კვირის ბოლომდე ყველა შემთხვევაში პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს, ბუნებრივია, ეს ვადა არსებობს. იმედია, ამ ვადის ფარგლებში შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მოლოდინი ოპტიმისტურია.
„დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, იმ შედეგს მივაღწევთ, რაც დადგა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც არის მრავალპარტიული პარლამენტი”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.