ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის განახლება 2020 წლის არჩევნებისთვის იგეგმება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის განახლება 2020 წლის არჩევნებისთვის იგეგმება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2020 წლისთვის პარტიის მასშტაბურ განახლებას აანონსებს. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, უახლოეს ხანებში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, გუნდი აქცენტს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებს და ამ საკითხზეა ორიენტირებული.

კობახიძე ამბობს, რომ განახლების შედეგებს საზოგადოება მომავალ წელს იხილავს, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე კარტების გახსნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„ამ კუთხით მუშაობა არის დაწყებული და შედეგებს საზოგადოება, ამომრჩეველი იმ დროს იხილავს, როდესაც გახურდება საარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი წელი საარჩევნო პროცესისთვის მოსამზადებლად და მანამდე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი აქტივობები იმისთვის, რომ განახლებული გუნდით წარდგეს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის წინაშე. მნიშვნელოვანია საკადრო განახლება, შინაარსობრივი განახლება. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ წელსვე იქნება წარდგენილი ახალი საარჩევნო პროგრამა მომდევნო ოთხი წლისთვის. მუშაობა პროგრამაზე კი რამდენიმე თვეში დაიწყება“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, ძველი სახეებიდან ვინ დარჩება 2020 წლის არჩევნების საპარლამენტო სიაში, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

„ჩვენ გვექნება საუბარი და მსჯელობა გუნდის ყველა წევრთან და ამ რეჟიმში მიიღება ყველა საკადრო გადაწყვეტილება, მათ შორის საპარლამენტოც“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.