ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმების ხელმოწერაზე გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაშიც უარი განაცხადეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დეტალებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების ხელმოწერაზე გიორგი რურუას საკითხის მოგვარების შემთხვევაშიც უარი განაცხადა.
„მათ დააყენეს ულტიმატუმი ორ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო რურუას გათავისუფლების თემა და რიგგარეშე არჩევნების, პლებისციტის საკითხი. მას შემდეგ, რაც ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ეს ორი ულტიმატუმი დააყენეს, დანიელსონმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი.
როდესაც პირველ ულტიმატუმს აყენებდნენ რურუას თემასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ კითხვა შეუბრუნა, თეორიულად რომ გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, ამ შემთხვევაში თუ მოაწერდნენ ხელს შეთანხმებას, რაზეც ასევე უარი დააფიქსირეს. ეს იყო ერთგვარი მეთოდი, რათა ოპოზიციას თავისი სიხისტე განსაკუთრებით მძაფრად დაეფიქსირებინა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ბუნებრივია, ეს ყველამ ნახა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლას საფუძველი არ აქვს.