ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით არჩევნებში დამარცხების გამართლებას ცდილობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით შუალედური არჩევნების მეორე ტურში საკუთარი დამარცხების გამართლებას ცდილობს.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა ოპოზიციამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა.
„ჩვენ მუდმივად გვესმის გარკვეული ბრალდებები, რომლებსაც არ აქვთ საფუძველი. ამით ხდება არჩევნების წაგების გამართლება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია ოპოზიციის მხრიდან წლების განმავლობაში. რაც შეეხება ე.წ. ქუჩის მონაწილეობას არჩევნებში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს – შეგიძლიათ, მოიძიოთ ინფორმაცია, ვის ჰყავდა ძირითადად ჩართული ქუჩის წარმომადგენლები და მიიღოთ კონკრეტული ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.