ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაზე დისკუსია დასრულდა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულდა და შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი სასამართლო რეფორმის ფარგლებში პირველი თემა იყო, რომელიც უნდა განხილულიყო.
„საკმაოდ რთული საკითხი იყო, თუმცა სრული კონსენსუსის მიღწევა შევძელით და ამის საფუძველზე კანონპროექტი ჩამოყალიბდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცვლილებები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში სრული კონსენსუსი არსებობს”, – აცხადებს კობახიძე.
სპიკერის განმარტებით, მკაფიოდ მოწესრიგდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები, ასევე შესაბამისი სანქციები.
„პროცედურასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გვქონდა, ეს საკითხებიც მოწესრიგებულია. ეს ყველაფერი გარანტიაა იმის, რომ მოსამართლე დამოუკიდებელი იქნება და ასევე იქნება მნიშვნელოვანი გარანტია იმის, რომ სასამართლო მის უფლებამოსილებებს ეფექტიანად განახორციელებს”, – განაცხადა კობახიძე.