ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რესურსი მეტია სხვა პარტიებთან, ვიდრე „ევროპულ საქართველოსთან“, მელია-სააკაშვილის ფრთასთან და „ლეიბორისტებთან“
ამ არჩევნებს ჰყავს თავისი ეგრეთ წოდებული ვინერები და ლუზერები, მოგებული მხარე, მოგებული პარტიები და წაგებული მხარე – წაგებული პარტიები. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების რესურსიც ამის მიხედვით უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კობახიძემ განმარტა, ვისთან ხედავს მოლაპარაკების რესურსს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ,,ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„მაგალითად, რომ ავიღოთ ,,ევროპული საქართველო“, რომელსაც დასაკარგი და მოსაგები საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა – პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, იგივე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, ესაა სააკაშვილი-მელია, მათთანაც ძალიან შეზღუდულია მოლაპარაკებების რესურსი. ასევე ნათელაშვილიც აშკარად წაგებული მხარეა. ყველა დანარჩენს აქვს თავისი პოტენციალი, ისინი არიან პრინციპში ამ არჩევნების მოგებული მხარე, მათ ინტერესებშია ობიექტურად პარლამენტში შემოსვლა და მათთან რესურსი ბუნებრივია, მეტია, ვიდრე სხვა პარტიებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.