ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიშელის შეთანხმების ანულირების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიებიდან კომიტეტების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია, თუმცა ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტის წევრების კომიტეტების თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით აუცილებლად იმსჯელებენ.
„იცით, რომ შეთანხმება ანულირებულია, თუმცა ჩვენ ბრიფინგზე ანულირებასთან ერთად ვთქვით, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. არჩევნების შემდეგ კონსულტაციები შედგება და იქ მიიღება ყველაფერზე გადაწყვეტილება. ჩვენ ბრიფინგზევე ვთქვით, რომ არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე ვიმსჯელებდით, ოპოზიციასთან ერთად ჯანსაღ გარემოში გაიმართება კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, შარლ მიშელის შეთანხმებაში, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების ნაწილში ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ „პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს“.