ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ილია დარჩიაშვილსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრაზე ადეიშვილთან, ლორთქიფანიძესა და სააკაშვილთან დაკავშირებითაც იქნებოდა საუბარი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკააშვილი, რომელიც დღემდე არის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ქურდულად შემოიპარა საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა ქვეყანაში გადატრიალება მოეწყო.
კობახიძის თქმით, ამის ორგანიზატორი იყო გია ლორთქიფანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწინაურდა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.
კობახიძის თქმით, არსებობს კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს.
„გვიკვირს, უკრაინიდან ნაბიჯები რატომ არ იდგმება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ქურდულად შემოიპარა საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა ქვეყანაში გადატრიალება მოეწყო. ამის ორგანიზატორი იყო გია ლორთქიფანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწინაურდა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე. ისედაც არსებობდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა. ეს ეჭვები უფრო მეტად მძაფრდება იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი კვლავაც რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად, იმ პირობებში, როდესაც აწინაურებენ გია ლორთქიფანიძეს. ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხები აუცილებლდ უნდა გაეცეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, რაც შეეხება კითხვას, „გაქვთ თუ არა კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან ლორთქიფანიძის, ადეიშვილისა და სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე, კობახიძის თქმით, უკრაინის მხარესთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.
კობახიძის განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს თავის კოლეგა დმიტრო კულებასთან ამ საკითხებზეც ექნებოდა საუბარი.
„ილია დარჩიაშვილს ჰქონდა შეხვედრა თავის კოლეგასთან, კულებასთან. ამ საკითხებზეც იქნებოდა ბუნებრივია საუბარი. მე არ მაქვს უფლება, საჯაროდ გამოვიტანო, რა საუბარი იყო ორ პირს შორის. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ბუნებრივია, ასეთ თემებზე იქნებოდა პირველ რიგში საუბარი. თუ გვაქვს ამის საშუალება, თავად ილია დარჩიაშვილი გამოიტანს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.