ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-დან ძირითადი დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოდის და დაფინანსდებიან თუ არა ისინი, ამაზე თავად არასამთავრობოებმა უნდა ინერვიულონ
დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასათავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სენატში გამართულ სხდომაზე მან საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო გადახედვაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ ენჯეოებმა. ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ. მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არალერევანტური, რომ ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით, ეს აქვს აშშ-ის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს ნათქვამი. კრიტიკას ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სამართლიანი.
რაც შეეხება დაფინანსებას, ძირითადად ეს დაფინანსება განკუთვნილია ენჯეოებისთვის, აქედან გამომდინარე მათ უნდა იდარდონ არსებითად თუ ამ დაფინანსებას რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნება. არ მგონია, რომ ეს მოხდება, რადგან ენჯეოების დაფინანსება არის რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რაიმე საწუხარო იყოს, მითუმეტეს შაჰინმა თავადვე თქვა, რომ ასეთი საკითხი „მე მითხრეს, რომ არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად“, თვითონ შაჰინმა თქვა. მანამდე ამერიკის ერთ-ერთ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ დათქმები არის არალერევანტური, რადგან ისინი მუშაობენ ენჯეოების გავლით“, – განაცხადა კობახიძემ.