ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინა ბოლო ორი კვირის მოვლენებმა, მათ შორის პანდემიამ
პროგნოზი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60 პროცენტს აიღებდა, საკმაოდ რეალური იყო, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს პროგნოზი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა, დაახლოებით ორკვირიანმა მოვლენების განვითარებამ, გარკვეული ნეგატიური დინამიკა აჩვენა. იყო ორი ძირითადი ფაქტორი. ამაზე ალბათ მოგვიანებით შეგვეძლება, საზოგადოებას ვესაუბროთ. საკმაოდ რეალური იყო პროგნოზი, ბევრად უფრო მაღალი შედეგით, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა მოახდინა უარყოფითი გავლენა. მათ შორის, პანდემიამ. რა თქმა უნდა, პანდემიას აქვს ორი ეფექტი. იცით, რომ ინფიცირების შემთხვევები არის გაზრდილი, გარდა ამისა, ეკონიმიკური და სოციალური მდგომარეობაც მცირდება პანდემიის ფონზე, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ბუნებრივია, ესეც ახდენდა გარკვეულ გავლენას არჩევნების დინამიკაზე, მხარდაჭერის დინამიკაზე. ანუ ეს ფაქტორები იყო, თორემ რეალურად რომ ჩატარებულიყო, დავუშვათ სადღაც თვენახევრის წინ, 60-პროცენტიანი შედეგი იყო აბსოლუტურად რეალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.