ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, ეს მათ დაიმსახურეს, სამწუხაროა, რომ აქამდე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა
აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ აქამდე არ არსებობდა მსგავსი პრაქტიკა.
„ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იმავე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იმავე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, რაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე – ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი.