ირაკლი კობახიძე - მთავრობამ და პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთობლივად შევადგინეთ, გავყვებით იმ გეგმას, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და, შესაბამისად, მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ გეგმას გაჰყვებიან.
რაც შეეხება ვადებს, კობახიძის განმარტებით, თუ გარკვეული საკითხები მეტ კონსულტაციებს საჭიროებს, ამისთვისაც მზად არიან.
„9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ. მთავრობა და პარლამენტი ერთად ვიყავით ჩართული ამ გეგმის მომზადებაში და გავყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული. რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენებს, ამ აცდენებთან დაკავშირებით გვქონდა სამუშაო ფორმატში, მათ შორის ოპოზიციასთან საუბარი. თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციებს, მზად ვართ, მეტი დრო დავუთმოთ. ფორმალურად არ გავყვებით ვადებს. თუ მეტი კონსულტაციების საჭიროება იქნება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება კონსულტაციები. მთავარია, ხარისხიანი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.