ირაკლი კობახიძე - 600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება, რაც უპრეცედენტო ინიციატივაა
ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება მოხერხდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, რომლის წყალობითაც ასიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეინარჩუნა. რასაც ჩვენი ოპონენტები „შავ ფულს“ უწოდებენ, სინამდვილეში კონკრეტული ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და შენარჩუნებულ ჯანმრთელობაში გამოიხატება. სოციალური დახმარების ბიუჯეტი 2,5-ჯერ გაიზარდა და ათასობით დევნილი მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხერხდა. ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა ემსახურებოდა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების დანიშვნასა და დასაქმების შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების შენარჩუნებას ეხებოდა. აღნიშნული ინიციატივები მიმართულია ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ. 600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება, რაც უპრეცედენტო ინიციატივაა, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიმართულებით ჩვენი აქტიური მუშაობა გაგრძელდება და ახალი ინიციატივებით წარვდგებით“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.