ირაკლი კობახიძე - 5 ივლისს იყო სპონტანური ძალადობა, ამიტომ გაუჭირდა შსს-ს რეაგირება, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში ახლაც იმართება ღონისძიებები, შსს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას
ირაკლი კობახიძე - 5 ივლისს იყო სპონტანური ძალადობა, ამიტომ გაუჭირდა შსს-ს რეაგირება, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში ახლაც იმართება ღონისძიებები, შსს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას

სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ორგანიზატორების დასჯაზე, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

„რაც შეეხება ორგანიზატორებს, სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება – ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად, ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, როცა აქ, პარლამენტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, ადამიანებს მოუწოდეს, რომ ალყა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა შემდეგ პირდაპირ ძალადობრივი აქტი. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში, მაგალითად, პირველი დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი. სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი.

აგიხსნით, რაშია საქმე. დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს – მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და, მაგალითად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანებს, ეს მოწოდება არ იყო. დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს, წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანებზე. ასეთი რამ არ იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი დაბალი სტანდარტით, მაშინ ვაშაძეც დასაჭერია და ოპოზიციის ბევრი სხვა ლიდერი. ალყა შემოარტყით პარლამენტსო და ზემოთ დაიძრნენ ამ მოწოდების საფუძველზე, ამას მოჰყვა ძალადობა. მორგოშიაზეც ზუსტად იგივე იყო. ანუ თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია. თუ დაბლა დაწევ სტანდარტს, მაშინ გამოდის, რომ ვაშაძე ყოფილა დასაჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება. მისივე განმარტებით, 5 ივლისის მოვლენებისას იყო სპონტანური ძალადობა და ამიტომ გაუჭირდა შსს-ს რეაგირება.

„ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი, თუმცა, მაგალითად, მეორე დღეს, როდესაც ადვილი იყო მოვლენების პროგნოზირება, არ იყო სპონტანური ძალადობა, იქ შსს-მ ბოლომდე დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება. ახლაც იმართება გარკვეული ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში, იქაც შსს თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს ყველა უწყება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.