ირაკლი კობახიძე - 28 ოქტომბერს ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს
28 ოქტომბერს ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ, უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.
„ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს.
28 ოქტომბერს ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ, უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან ნიკა გვარამიას განცხადებას, ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამია დაიცვა.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.