ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას – კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი.
„ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ურჩევნია ომი თუ მშვიდობა, მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ; აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს; აირჩევს ბნელ წარსულს თუ ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს. დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება, გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო.
კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს. სწორედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე რვა არჩევნების მოგება. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას. ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.