ირაკლი კობახიძე - 2030 წლამდე მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ
არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე ზრუნვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენამდე განაცხადა.
კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
„სამი ათასი წლის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითმყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს. ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ დეპუტატს გასული ოთხი წლის განმავლობაში გამოვლენილი თავდადებისთვის, პრინციპულობისთვის და პატრიოტიზმისთვის. რომ არა თქვენი პატრიოტიზმი, პრინციპულობა და თავდადება, დღეს საქართველო იქნებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. საქართველო არ იქნებოდა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს და საქართველოს არ ექნებოდა განვითარების ისეთი ფართო პერსპექტივა, როგორიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, პარლამენტის თითოეულ წევრს ამისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2030 წლამდე მყარად უნდა დაიცვან მშვიდობა, საბოლოოდ დაძლიონ უმუშევრობა, სიღარიბე და საქართველო ევროკავშირში გააწევრიანონ.
„გასული ოთხი წლის მანძილზე ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, ათი მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, 350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში, შევქმენით 146 ათასი სამუშაო ადგილი და საქართველოსთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ანალოგიურად, 2030 წლამდე ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ათობით მილიარდი ლარით გავზარდოთ ეკონომიკა და, შესაბამისად, გავზარდოთ ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა, სიღარიბე და საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში. თქვენთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.