ირაკლი კობახიძე - 2028 წელს უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია, რომელიც თავისუფალი იქნება ისეთი ძალებისგან, რომლებიც უპირისპირდებიან დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში
მთავარი პრობლემაა ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული. შესაბამისად, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემას და ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო, სად ვიყავით 2012 წელს, სად ვართ დღეს და სად ვიქნებით 2028 წელს, ძირითადი მონაცემები. 2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში: ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამება; 150 ახალგაზრდა მოკლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარტო ქუჩებში, პირდაპირ ქუჩებში; ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი მოვლენა; მედიის მიტაცება იყო ჩვეულებრივი მოვლენა; ნულოვანი დემოკრატია, ნულოვანი პოლიტიკური პლურალიზმი, ნულოვანი მედიაპლურალიზმი. ეს იყო მდგომარეობა 2012 წლამდე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, 2024 წლისთვის საქართველოში უკვე არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა.
„რა თქმა უნდა, გვაქვს სირთულეები და მთავარი პრობლემა არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული. ჩვენ შესაბამისად, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე არაპოლარიზებული დემოკრატია; დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემას და დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.