ირაკლი კობახიძე - 2021 წელს, ბევრი სირთულის მიუხედავად, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა და, საბოლოო ჯამში, დავამშვიდეთ ქვეყანა, დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი
ირაკლი კობახიძე - 2021 წელს, ბევრი სირთულის მიუხედავად, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა და, საბოლოო ჯამში, დავამშვიდეთ ქვეყანა, დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი

ქვეყნისა და გუნდისთვის პრინციპულ მომენტში მაშინდელმა პრემიერმა, სამწუხაროდ, უღალატა არა მარტო გუნდს, არამედ ქვეყანას და გადადგა ძალიან მძიმე ნაბიჯი. მან დატოვა პოსტი გაუგებარი მიზეზით და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, რთული იყო პროცესების წარმართვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ორი წლის საქმიანობის შეფასებისას გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან გუნდი, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა შარლ მიშელის ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებაზე.

„ამ შეთანხმების რეალური მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ სწორად ლავირება. ხელი მოეწერა ისეთ ვერსიას, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი არ მოაწერეს ჩვენ მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, უკვე მოხდა მისი ანულირება, რაც, ახლაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად იყო ძალიან სწორი და უალტერნატივო ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, ჩვენ 2021 წელს, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა და დავამშვიდეთ ქვეყანა, დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი. მოვახერხეთ ის, რომ ოპოზიციას მოუწია პარლამენტში შემოსვლა. პოლარიზაციის ხარისხი შემცირდა ამ პერიოდის განმავლობაში და ამაში ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.