ირაკლი კობახიძე - 2016 წლამდე „ნაცმოძრაობა“ დიდწილად ინარჩუნებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე, დღეს კი, ეს ორგანო სრულიად დამოუკიდებელია, რაც აისახება სტატისტიკაზე
ირაკლი კობახიძე - 2016 წლამდე „ნაცმოძრაობა“ დიდწილად ინარჩუნებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე, დღეს კი, ეს ორგანო სრულიად დამოუკიდებელია, რაც აისახება სტატისტიკაზე

2016 წლამდე „ნაცმოძრაობა“ დიდწილად ინარჩუნებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე, წინასწარ იცოდა თავმჯდომარემ, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ ვარძელაშვილი, ერემაძე და კოპალეიშვილი, დღეს კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი, რაც აისახება როგორც სტატისტიკაზე, ასევე გადაწყვეტილებების შინაარსზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო სათანადოდ არის დაკავებული ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით.

„სასამართლოს დამოუკიდებლობას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორია საქართველოში 2004-2012 წლები, როდესაც სააკაშვილს და ადეიშვილს ჰქონდათ სრული კონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოზე. მაშინ პრაქტიკაც ისეთი იყო, რომ წელიწადში საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგჯერ ერთი, ორი, ოთხი გადაწყვეტილება გამოჰქონდა, იმდენად განეიტრალებული ჰქონდათ მთლიანად ეს ინსტიტუტი, რომელიც საერთოდ ვერ ასრულებდა ადამიანის უფლებების დაცვის ფუნქციას. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ეს სტატისტიკაზეც პირდაპირ აისახება, 10-ჯერ და 20-ჯერ არის გაზრდილი სტატისტიკა, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასთან.

ასევე, 2016 წლამდე გახსოვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დიდწილად ინარჩუნებდა კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოზე. კერძოდ, ეს გამოხატული იყო ფორმით – მაშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ერთი და იგივე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად მათთვის მნიშვნელოვან საქმეებს, სადაც მას ეგულებოდა კლანის სამი წევრი. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ კლანი მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში და ესენი იყვნენ ვარძელაშვილი, ერემაძე და კოპალეიშვილი. წინასწარ იცოდა თავმჯდომარემ, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ ეს ადამიანები. ეს არის ის, რასაც აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ და რა კონტროლიც ჰქონდა მას საკონსტიტუციო სასამართლოზე. დღეს ეს კონსტიტუციური ორგანო არის თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი, რაც აისახება როგორც სტატისტიკაზე, ასევე გადაწყვეტილებების შინაარსზე. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის სათანადოდ დაკავებული ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით.

ამასთან, რაც შეეხება კაზუსს, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. უბრალოდ, სხვანაირად ამ კაზუსს ვერ ამოხსნი. პრეზიდენტმა იცოდა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მოითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო თანხმობა, მაინც წავიდა. რავიცი, ამას იურისპრუდენციაც კი არ სჭირდება. ასეთ დროს, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებს და კიდევ ერთხელ ცდილობს, კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს დისკრედიტაციას, აქ ჩანს მათი ბუნება. ისინი არაფერს უფრთხილდებიან, რაც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟთან. მათ შორის შეუძლიათ, უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, პირიქით, როდესაც მეორე მხარეს არის მყარი არგუმენტები, მათ შეუძლიათ, თავს დაესხან ერთ-ერთ უმთავრეს კონსტიტუციურ ორგანოს – საკონსტიტუციო სასამართლოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი წინასწარ, გარანტიით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილს ჰქონდა გარანტია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დარჩებოდა რეაგირების გარეშე.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ იმის პრაქტიკულ შესაძლებლობას, რომ სხდომაზე მოგროვდეს 100 ხმა. უბრალოდ, არარეალურია. ასევე ჩვენ ზოგადად მითითებას ვაკეთებთ მორალზე და პროფესიულ ღირსებაზე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როგორია რადიკალური ოპოზიციის შემადგენლობა. მათ შორის პროფესიული ღირსებისა და კეთილსინდისიერების კუთხით. ამ ყველაფრის, ამ ადამიანების თვისებების გათვალისწინებით, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს 100 ხმის იმედი. ისინი და სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიცია ერთიანად არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.