ირაკლი კობახიძე - 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას, რომელშიც რუსეთის სამი დეპუტატი მონაწილეობდა, მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე და ბუნებრივია საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა გიგი წერეთელს, ვიდრე სხვა ქვეყანაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომ გადმოვიტანოთ 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც დაიგეგმა 2019 წელს, თუმცა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიას ამის ინტერესი არ ჰქონდა.
„2016 წელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდა, მონაწილეობდა რუსეთის დუმის სამი დეპუტატი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. ქართულმა მხარემ მაშინაც დააყენა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, თუმცა ეუთოს პოზიცია იყო ხისტი. კერძოდ, ეუთო ამბობდა, რომ ყველა ის პირი, რომელიც არის შესაბამისი ქვეყნის დელეგაციის წევრი უნდა ჩამოსულიყო და ამაზე მაშინ ქართულმა მხარემ და ქართულ მხარეში იგულისხმება,როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, ქართული მხარე ამ ყველაფერს დათანხმდა – წინა მოწვევის პარლამენტზეა საუბარი ,დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიცია რაც დღეს არის, იგივე იყო, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით , რომ საქართველოს კანონის დარღვევაზე დაეხუჭათ თვალი. მოცემულობა იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა მაშინ ინტერესი იყო პოლიტიკური. თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე და ბუნებრივია საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა გიგი წერეთელს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. წარმოვიდგინოთ, რომ გადმოვიტანოთ 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც დაიგეგმა 2019 წელს, თუმცა მაშინ ინტერესი არ ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, არც მის ტელევიზიას, შესაბამისად, ეს სცენარი არც დაიგეგმა და არც განხორციელდა. მედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და როგორც წავა სცენარი, როგორც დაიგეგმება, ისე ხორციელდება. მე არ ვამტყუნებ მაშინდელ პარლამენტის ხელმძღვანელობას, ან რომელიმე პოლიტიკოსს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თბილისში ხდება უფრო ძლიერად იმ გზავნილების გაჟღერება, რომელსაც აჟღერებ ლონდონში, პარიზში, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო ასამბლეა. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, სწორი და პრაგმატული, თუმცა ორ მოვლენას როდესაც ვადარებთ ერთმანეთს, ბუნებრივია, პარალელის საშუალება არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, სამივე დეპუტატი, რომელიც 2016 წელს ჩამოვიდა, საკმაოდ სკანდალური ფიგურები იყვნენ, მაგალითად კოვალიოვი და სლუცკი.
სამივე დეპუტატი იყო საკმაოდ სკანდალური და ოდიოზური, რომელიც 2016 წელს ჩამოვიდა ,ერთ-ერთი ეს იყო კოვალოვი, რომელიც იყო „ეფესბეს“ ხელმძვანელი პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოება ჩამოვიდა და გარდა იმისა,რომ „ეფესბეს“ ხელმძღვანელი იყო და უშიშროების გენერალი, მას არა ერთ სკანდალურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო იყო ესტონეთში საკმაოდ მძიმე პროვოკაცია, რომელიც მონუმენტს უკავშირდებოდა. ანუ ასეთი ოდიოზური პირი ჩამოვიდა საქართველოში და სლუცკი იყო ერთ-ერთი მათგანი ,მასაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, „ელდეპეერის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სხვა ტიპის სკანდალებშიც არის გახვეული და გამოირჩევა თავისი ძალიან მძიმე განცხადებებით საქართველოს მიმართ. მოცემულობა მსგავსი იყო მაშინ, თუმცა საინფორმაციო ველში არც მოხვედრილა რეალურად ეს საკითხი. ერთადერთი თქვენ შეგიძლიათ გუგლში ნახოთ, ერთი ორი ნიუსი შეიძლება ამოგიგდოთ, სადაც მარტივად არის საუბარი იმაზე, რომ ქართულმა მხარემ თავიდან სცადა მოთხოვნის დაყენება, ეუთო-მ უარი თქვა და ქართული მხარე დათანხმდა თვალის დახუჭვას იმაზე, რომ ოკუპაციის კანონი იყო დარღვეული და როდესაც იგივე ადამიანები აკრიტიკებენ მართლმადიდებლური ფორუმის საქართველოში ჩატარებას, მათი კრიტიკა არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.