ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით – სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი წევრებს, აქტივისტებს შეაქვთ, რომლებიც, მისი თქმით, ემსახურებოდნენ პარტიას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გარდატეხა შეეტანათ ქვეყნის განვითარებაში.
„მიხარია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი პარტიის იუბილეს აღვნიშნავთ აბმროლაურში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მინდა, განსაკუთრებულად, მოგესალმოთ თქვენ, პარტიის წევრებს, პარტიის აქტივისტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიური თქვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენს განვითარებაში, ჩვენი პარტიის განვითარებაში. აქ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან პარტიის დამფუძნებლები და რომლებიც 2011 წლიდან დადიოდნენ სოფელ-სოფელ, აწარმოებდნენ აგიტაციას, ემსახურებოდნენ პარტიას, იმისთვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდატეხა შეეტანათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ ამ წარმატებას მივაღწიეთ და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით-სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს არის, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის დამსახურება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა წინსვლას აგრძელებს მათ შორის, თავისუფლების თვალსაზრისითაც, რაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი არა მხოლოდ მიღწეული წარმატების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.
„ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, თავისუფლების თვალსაზრისით, რაც არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და ჩვენი ამოცანაა, ეს მიღწეული არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ამას ემსახურებოდა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც შეუქცევადი გახადა უკვე საქართველოში დემოკრატიული განვითარება და ასევე, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ესეც არის რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ჩვენ გვქონდა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით, სტაბილურობის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კუთხით და 2008 წლის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია ვიამაყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ორი წლის წინ, პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ დასახული მიზნები და გაცემული დაპირებები პირნათლად არის შესრულებული.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პარტიის რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო, რამაც, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა გახდა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება.
მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ორწლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. მთავარ გამოწვევად პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა დაასახელა. მისი თქმით, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისაღწევია საგარეო პოლიტიკური მიზნები.
„ქვეყანაში არის ბევრი გამოწვევა, ჩვენი ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. ჯერ კიდევ უამრავი ოჯახი ცხოვრობს, სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრა საქართველოში და ამას ესაჭიროება, ბუნებრივია, ეკონომიკის შემდგომი გაძლიერება და შემდგომი განვითარება“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.